ინტერვიუ უროლოგთან

კითხვებს პასუხობს IVF Georgia-ს უროლოგი – ალექსანდრე ხელაია
აქვე გთავაზობთ ბატონი ალექსანდრე ხელაიას ინტერვიუს მამაკაცის უნაყოფობის თემაზე:
ინ-ვიტრო განაყოფიერებაში რა როლი უკავია უროლოგს?
უშვილობა ფიქსირდება ყოველ მე-6 წყვილში. უშვილობა მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. საბოლოოდ აღნიშნული პრობლემა მამაკაცისა და ქალის ფაქტორად იყოფა. მამაკაცის ფაქტორი, დაახლოებით, 50%-ს შეადგენს. მამაკაცის გამოკვლევა კი უროლოგის პრეროგატივაა.
გამოკვლევისთვის გვაქვს ორი უმთავრესი პრინციპი:
· სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გამორიცხვა;
· სპერმაში მიმდინარე ანთებითი პროცესების გამოვლენა.
ზოგჯერ აღნიშნული საფრთხეები სპერმოგრამაში არ ჩანს და გვიწევს, ჩავატაროთ დამატებითი გამოკვლევები. კერძოდ: სათესლე სითხეში-სპერმაში ოქსიდაციური სტრესის დონის განსაზღვრა და სპერმატოზოიდების დნმ ფრაგმენტაციის ინდექსის დადგენა. აღნიშნული გამოკვლევა აუცილებელია, რადგან თავისუფალი რადიკალები, რომლებიც გამომუშავდება ანთებითი პროცესის დროს, უარყოფით ზეგავლენას ახდენენ სპერმატოზოიდზე; იწვევენ მისი სიცოცხლისუნარიანობის შემცირებას, მოძრაობის დაქვეითებას, დნმ-ის ანუ გენეტიკური მასალის დაზიანებას. ჯამში ამ ყოველივეს ერთიანობა კი იწვევს უშვილობას.
უშვილობის გამომწვევი მიზეზებიდან ანთებით პროცესებს უპირველესი ადგილი უკავია (30-80%). უშვილობის სხვა მიზეზებია: ენდოკრინოლოგიური დარღვევები ან სათესლე ჯირკველების არასწორი განვითარება.
უშვილობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვარიკოცელეს ფენომენი. ესაა სათესლე ჯირკვლის ირგვლივ ვარიკოზული წნულის (ვენების) გაგანიერება, რაც ასევე აქვეითებს სპერმატოზოიდების ხარისხს. დადგენილი ვარიკოცელეს მკურნალობა მხოლოდ ოპერაციული სახისაა, რაზეც პასუხისმგებლობას ჩვენ, უროლოგები ვიღებთ.
მამაკაცის უნაყოფობის კიდევ ერთი პრობლემაა აზოოსპერმია ანუ სპერმატოზოიდების არარსებობა სათესლე სითხეში. პაციენტს უტარდება სრული გამოკვლევა, რათა გამოიკვეთოს აზოოსპერმიის მიზეზი და მოხდეს მასზე დროული რეაგირება. თუ მიზეზი ვერ დგინდება, ჩვენ ვაკეთებთ სათესლე ჯირკვლების ბიოფსიას-სათესლე ჯირკვლიდან ქსოვილის ამოღებას სპეციალური ნემსის ჩხვლეტით და ამოღებულ ქსოვილში ვეძებთ სპერმატოზოიდებს, რაც შემდგომში გამოყენებულ იქნება ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცესისთვის. პაციენტს აღნიშნული პროცესისთვის ამზადებს უროლოგი. შესაბამისად, უროლოგის როლი უშვილო წყვილისთვის (კერძოდ, მამაკაცისთვის) პირველ ადგილზეა.
როდის უნდა მოვიდეს უროლოგთან ინ-ვიტრო პაციენტი და რა უნდა გაითვალისწინოს მან?
უშვილო წყვილის დიაგნოზი ისმევა უნაყოფო ქორწინების (კონტრაცეპტივებისა და სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გარეშე) 1 წლის თავზე. ამის შემდეგ მამაკაცმა აუცილებლად უნდა მიმართოს უროლოგს, ხოლო ქალმა-გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს. წყვილის გამოკვლევა მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში.
პაციენტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ საჭიროა სქესობრიივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგი (გამოვლენა), ვინაიდან, ხშირად ეს დაავადებები ყოველგვარი ჩივილის გარეშე მიმდინარეობს. ეს დაავადებებია: ქლამიდია, ტრიქომონიაზი, ურიაპლაზმოზი და ა.შ.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცმა მოგვმართოს დაოჯახებამდეც, რათა მოხდეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების წინასწარი დადგენა. მათი ადრეულ სტადიაზე მკურნალობა, რამეთუ შემდგომ ეს დაავდებები თავს იჩენს და იზრდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გამო უშვილობის დადგომის რისკი.
რა არის მთავარი თქვენს პროფესიაში?
მიმაჩნია, რომ უმთავრესია პრობლემის მაქსიმალურად რაციონალურად მართვა, რამეთუ წყვილში რაც შეიძლება ადრე იქნას მიღწეული სასურველი შედეგი-ორსულობა და ჯანმრთელი შვილი.