დამოკიდებულია თუ არა ფერტილობა ცილაზე?

უნაყოფობის პრობლემა სულ უფრო და უფრო ყოვლისმომცველი ხდება. როგორც ცნობილია, ორსულობის მისაღებად სპერმატოზოიდმა კვერცხუჯრედში უნდა შეაღწიოს. მაგრამ როგორ ხდება, რომ ერთი სპერმატოზოიდი აღწევს კვერცხუჯრედში, სხვა დანაჩენი კივერ. როგორაა დნმ-ის კომპაქტიზაცია დაკავშირებული ფერტილობასთან? ბოლო დროს ჩატარებული ორი სამეცნიერო კვლევის შედეგად ახალი აღმოჩენები გაკეთდა რეპროდუქციის სფეროში.
Cold Spring Harbour ლაბორატორიის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ცილა სახელწოდებით Chd5 მნიშვნელოვანია მამაკაცის ფერტილობისთვის. ადრე დამტკიცებულ იქნა, რომ Chd5 წარმოადგენს სიმსივნის დამთრგუნველს და თუ ის დეფექტურია, შეიძლება კიბოს უჯრედების წარმოქმნა გამოიწვიოს. ამჟამად მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ის ასევე დაკავშირებულია დნმ-ის სწორ შეფუთვასთან. Chd5 არმქონე თაგვები უნაყოფოები არიან და მათი სპერმატოზოიდები უფორმოა დნმ-ის კომპაქტიზაციის დარღვევის გამო. თაგვებში, რომლებშიც Chd5 ორივე ასლი იყო ამოღებული, ადგილი ჰქონდა ფერტილობის სხვადასხვა პრობლემებს, მაგალითად, სპერმატოზოიდების მოძრაობის შემცირებულ სიჩქარეს და სპერმატოზოიდების დაბალ კონცენტრაციას. ამ სპერმატოზოიდების გამოყენებით ჩატარებული ინ-ვიტრო განაყოფიერება წარუმატებელი აღმოჩნდა.
Wellcome Trust Sanger Institute-ის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კვერცხუჯრედის ზედაპირზე არსებულ ცილას, რომელიც სპერმატოზოიდის ზედაპირზე არსებულ ცილასთან ურთიერთქმედებს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს განაყოფიერებისთვის. უკვე დამტკიცებულია, რომ სპერმატოზოიდზე არსებული ცილა სახელწოდებით Izumo1 ცნობს კვერცხუჯრედს. ამჟამად მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ Izumo1 ცნობს კვერცხუჯრედზე არსებულ ცილას სახელწოდებით Juno (ფოლიუმის მჟავის რეცეპტორი 4). რეცეპტორი ვერ ახერხებს ფოლიუმის მჟავასთან შეკავშირებას, მაგრამ განაყოფიერებაში მისი როლის გამო მას ეწოდა Juno (იუნონა) – რომაულ მითოლოგიაში ნაყოფიერებისა და ქორწინების ქალღმერთის სახელი. თაგვები, რომელთა კვერცხუჯრედების ზედაპირზე Juno არ იყო, უნაყოფოები იყვნენ და მათი კვერცხუჯრედები ვერ ურთიერთქმედებდნენ ნორმალურ სპერმატოზოიდთან. გუნდმა ასევე აღმოაჩინა, რომ განაყოფიერების საწყისი ეტაპის შემდეგ ცილა Juno მოულოდნელად ქრებოდა კვერცხუჯრედის ზედაპირიდან. ეს არის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი იმისა, თუ რატომ წყვეტს კვერცხუჯრედი შემდეგი სპერმატოზოიდის ცნობას პირველი სპერმატოზოიდის მიერ განაყოფიერებისთანავე. გუნდი ამჟამად ატარებს უნაყოფო ქალების სკრინინგს იმის დასადგენად, იწვევს თუ არა უშვილობას Juno რეცეპტორის დეფექტები. ამ ინფორმაციის ცოდნის მთავარი უპირატესობაა უშვილობის მკურნალობის ახალი მეთოდებისა ან ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შემუშავების შესაძლებლობა.