ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI)

ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI) უნაყოფობის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია!

ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI)

ინ-ვიტრო განაყოფიერება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომლის დროსაც სპერმატოზოიდებით კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება ემბრიოლოგის მიერ ლაბორატორიის ფარგლებში. 


არსებობს ინ-ვიტრო განაყოფიერების ორი ტექნოლოგია: სტანდარტული ინ-ვიტრო განაყოფიერება და ICSI (სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია). სტანდარტული IVF მეთოდის დროს ხდება კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდების ერთ სინჯარაში მოთავსება და განაყოფიერების შემოწმება. ICSI კი წარმოადგენს მიკრომანიპულაციას, რომლის დროს ემბრიოლოგს თავად შეჰყავს მის მიერ ამორჩეული საუკეთესო მორფოლოგიური პარამეტრების მქონე სპერმატოზოიდის პრონუკლეუსი კვერცხუჯრედში. ICSI მეთოდს დიდი უპირატესობა გააჩნია მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობის დროს.  


კვერცხუჯრედების მისაღებად ქალბატონთან ტარდება საკვერცხეების კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაცია, რომლის პროტოკოლი ინდივიდუალურად დგინდება თითოეული პაციენტისთვის. საკვერცხეებიდან ფოლიკულების ასპირაციის დროს აღებული კვერცხუჯრედების განაყოფიერებისას მიღებული ემბრიონების გაზრდა ხდება 2-3 დღემდე ან 5-6 დღემდე (ბლასტოცისტები). ემბრიოლოგი ყოველდღიურად აფასებს ემბრიონის/ემბრიონების განვითარებას და შესაბამის დღეს ხდება 1 ან 2 საუკეთესო ემბრიონის გადატანა ქალის საშვილოსნოს ღრუში. დანარჩენი ემბრიონები კი იყინება. ორსულობის დადგენა ხდება ემბრიონის/ემბრიონების გადატანიდან 10-12 დღეში.


ინ-ვიტრო განაყოფიერების წარმატების ინდექსი 36 წლამდე ქალბატონებში შეადგენს 65%-ს, ხოლო 36 წლის შემდეგ 40%-მდეა. კვერცხუჯრედის დონაციის შემთხვევაში კი აღწევს 80%-ს. ინ-ვიტრო განაყოფიერების ჩატარება შეიძლება, სანამ არ დადგება სასურველი ორსულობა.


უნაყოფობად ითვლება ორსულობის მიღების უუნარობა რეგულარული, დაუცველი  სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში. უნაყოფობა უნდა იყოს განხილული როგორც წყვილის პრობლემა, და არა იზოლირებულად ქალის ან მამაკაცის. რეპროდუქციული ასაკის წყვილების 10-15%-ში ადგილი აქვს უნაყოფობას. შემთხვევათა 35% მოდის მამაკაცის ფაქტორზე, 35% – ქალის ფაქტორზე, შემთხევათა 20%-ში ორივე პარტნიორის ფაქტორია ჩართული, ხოლო 10%-ში – საქმე გვაქვს დაუდგენელი გენეზის უშვილობასთან.


ქალის უნაყოფობის განმაპირობებელი ფაქტორებია:

 

  • ფალოპის მილების გამტარიანობის დარღვევა;
  • ენდომეტრიოზი; 
  • ჰორმონალური დისბალანსი;
  • საკვერცხის შემცირებული რეზერვი;
  • საშვილოსნოს ფაქტორი ;
  • სასქესო სისტემის თანდაყოლილი ანატომიური დეფექტები;
  • დაუდგენელი გენეზის უნაყოფობა;

 

მამაკაცის უნაყოფობის განმაპირობებელი ფაქტორებია:

 

  • სპერმოგრამის მაჩვენებლების ცვლილება: სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება, მოძრაობის დარღვევა და მორფოლოგიის შემცირება; 
  • ასპერმია/აზოსპერმია;
  • რეტროგრადული ეაკულაცია;
  • ჰორმონალური დისბალანსი;

 

ორივე სქესის წარმომადგენლის რეპროდუქციულ სისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს:

 

  • გარემოს დამაზიანებელი ფაქტორები;
  • თამბაქოს, მარიხუანას, ალკოჰოლის და სხვა ნივთიერებათა ტოქსიური ეფექტი;
  • გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;
  • არასწორი კვება/შიმშილი/წონის დეფიციტი/ჭარბი წონა;
  • ქიმიოთერაპია/ სხივური თერაპია.
     
ოპერაციის შესრულების დროს დაფიქსირდა შეცდომა, გთხოვთ დაუკავშირდეთ საიტის ადმინისტრაციას.