ინტერვიუთა სერია IVF Georgia-ს პროფესიონალებთან
კითხვებს პასუხობს ენდოკრინოლოგი – ირმა რუხაძე
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, პირადად დაუსვი კითხვა პროფესიონალს.
უპირველეს ყოვლისა, რას მოიცავს ენდოკრინოლოგია?
ენდოკრინოლოგია მედიცინის ერთ-ერთი მზარდი და მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც შეისწავლის ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობას. ენდოკრინულ სისტემაში წარმოქმნილი ცვლილებები გავლენას ახდენენ ორგანიზმის თითქმის ყველა ფუნქციაზე, მათ შორის - რეპროდუქციულ ფუნქციაზეც. არსებობს ბევრი ისეთი ენდოკრინული ნოზოლოგია, რომლებიც პირდაპირ კავშირშია უშვილობასთან.
ინ-ვიტრო განაყოფიერებაში რა როლს თამაშობს ენდოკრინოლოგია?
ინ-ვიტრო განაყოფიერებაში ენდოკრინოლოგია წარმოუდგენლად დიდ საქმეს უკეთებს პაციენტების უმრავლესობას, რომლებიც დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს მიმართავენ, აღენიშნებათ ენდოკრინული დაავადებები: ჰიპერ და ჰიპოთირეოზი, ავტოიმუნური თირეოდიტი, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი. ტიპი 2, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ჰიპერპროლაქტინემია. ამ დაავადებების დროული სკრინინგი და სწორი მკურნალობა, მნიშვნელოვნად ზრდის დაორსულების ალბათობას როგორც ბუნებრივი გზით, ასევე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების დროსაც.
დაინტერესებულ ადამიანებს იქნებ უთხრათ, როდის და რა შემთხვევაში უნდა მოგმართოთ პაციენტმა?
უშვილო წყვილის ვიზიტი რეპროდუქტოლოგთან და ენდოკრინოლოგთან თითქმის ერთდროულად უნდა ხდებოდეს. პაციენტების რუტინული კვლევა მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის სრული ჰორმონალური სპექტრისა და სპეციფიური ანტისხეულების განსაზღვრას. ჭარბი წონისა და სიმსუქნის დროს უნდა გაკეთდეს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის ტესტი, აუცილებლად უნდა განისაზღვროს ინსულინი და ინსულინრეზისტენტობა, დარღვეული მენსტრუალი ციკლის დროს - პროლაქტინი.
რა უნდა გაითვალისწინოს თქვენთან მოსულმა პაციენტმა?
ექიმთან ვიზიტი ხდება პაციენტის გადაწყვეტიელბით, მას ამაზე უკვე ნაფიქრი აქვს და ფსიქოლოგიურად ყოველგვარი შედეგისთვის მზადაა. აუცილებელია პაციენტს გაუჩნდეს ნდობის მაღალი კოეფიენტი ექიმის მიმართ, რაც მკურნალობის ბოლომდე მიყვანისა და სასურველი შედეგის მიღების აუცილებელია პირობაა.
რას გულისხმობს უნაყოფობა და რა დაავადებები ახლავს თან?
უნაყოფობა დაორსულების უნარისა და შვილოსნობის უქონლობაა. უნაყოფობის ზუსტი სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს, თუმცა დღითიდღე იზრდება იმ დაავადებათა სიხშირე, რომლებიც უნაყოფობას იწვევენ. საყურადღებოა, ხშირად ავადდებოდა თუ არა ქალი სასქესო გზებისა და მცირე მენჯის ორგანოთა ანთებით, ჰქონდა თუ არა მენსტრუალური ციკლის დარღვევები და რა სიხშირით, გადაიტანა თუ არა სპონტანური აბორტი, ანამნეზში აღნინავს თუ არა რაიმე ენდოკრინულ ნოზოლოგიას, განსაკუთრებით ჰიპოფიზისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, არსებობს თუ არა გენეტიკური წინასწარგანწყობა რომელიმე დაავადების მიმართ, რა წონისაა პაციენტი და ხშირად მიმართავს თუ არა უმკაცრეს დიეტას. უნაყოფობა ხშირია ნერვული ანორექსიით დაავადებულ და ვეგეტარიანელ ქალებში, რაც ძირითადად გამოწვეულია ვიტ. B12-ის, ფოლიუმის მჟავის, თუთიისა და რკინის ნაკლებობით.
რეპროდუქციული ფუნქციის მოშლის მიზეზებიდან გარდა გენიტალიური პათოლოიებისა, მნიშვნელოვანია ექსტრაგენიტალური დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კუშინგის სინდრომი, ჰიპერპროლაქტინემია. მოგახსენებთ თითოეულ მათგანზე.
ჰიპერპროლაქტინემია და უშვილობა
როცა ქალის ორგანიზმში ორსულობის გარეშე ჭარბად გამომუავდება ჰიპოფიზის ჰორმონი-პროლაქტინი, ამ მდგომარეობას ჰიპერპროლაქტინემია ეწოდება, რომელიც ყოველი ოთხში უშვილო ქალიდან ერთს მაინც აქვს. ამ ჰორმონის ჰიპერსეკრეციის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ჰიპორპროლაქტინემიას ფუნქციურად შეიძლება იწვევდეს ისეთი ენდოკრინული დაავადებები, როგორებიცაა: აკრომეგალია, ჰიპერთირეოზი, ჰიპოთირეოზი, მაგრამ გამომწვევი მიზეზებისგან დამოუკიდებლად, ყველა შემთხვევაში ის იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევასა და ქალის რეპროდუქციული ფუნქციის მოშლას. სასურველია, ორსულობის დადგომამდე ქალმა მოახდინოს ამ ჰორმონის განსაზღვრა, საჭიროების შემთხვევაში კი დაენიშნოს მედიკამენტოზური მკურნალობა, მოხდეს ჰიპერპროლაქტინემიის დარეგულირება და ქალის რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენა. ჰორმონალური დარღვევებით გამოწვეული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ქალმა წელიწადში ორჯერ უნდა ჩაიტაროს პროფილაქტიკური კვლევები.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, უშვილობა და ორსულობა
ფარისებრი ჯირკვლის მეტად გავრცელებული დაავადებები კვანძოვანი ტოქსიური და არატოქსიური ჩიყვი, ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, ქრონიკული ავტოიმუნური თირეოიდიტი, პასუხიმგებელნი არიან როგორც ქალის რეპროდუქციული ფუნქციის ნორმალურად წარმართვაზე, ასევე ფიზიოლოგიურ ორსულობაზე, ნაყოფის სწორად ჩამოყალიბებასა და მის ზრდა-განვითარებაზე. ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დროს მეტ-ნაკლებად დარღვეულია საკვერცხეებში ფოლიკულების მომწიფების პროცესი, რომელიც თავისთავად ხელს უწყობს ოვულაციის დათრგუნვას. თუ ეს დაავადებები ორსულობამდე არის გამოვლენილი, ქალები ამის შესახებ ინფორმირებულნი არიან და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა ენდოკრინოლოგის მითითებით, თუმცა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროსაც იჩენს თავს. ორსულობის I ტრიმესტრში ხდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური აქტივობის მატება, რაც პლაცენტისა და ქორიონული გონადოტროპული ჰორმონებითაა განპირობებული. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა განსაზღვრავს როგორც დედის, ასევე ნაყოფის ნივთიერებათა ცვლის აქტივობას, განსაკუთრებით ნაყოფის ნერვული სტრუქტურების სრულყოფილ ჩამოყალიბებას. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია უშვილობისა და შემდეგ განვითარებული ორსულობის დროს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სწორად შეფასება და პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში-მათი მკურნალობა.
უშვილობის დროს ქალის რუტინული კვლევა მოიცავს ჯირკვლის ჰორმონების, მისი სპეციფიური ანტისხეულებისა და თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრას, ასევე ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურის შეფასებასაც, (მის ულტრასონოგრაფიულ კვლევას) რადგან კვანძის მალიგნიზაციის შემთხვევაში, ორსულობის დაგეგმვა უნდა მოხდეს ოპერაციული ჩარევის შემდეგ (კვანძის მალიენიზაცია წარმოადგენს ჩვენებას ორსულობის შეწყტვეტისთვის).
ჰიპერ და ჰიპოთირეოზის დროს, თუ არ აღინიშნება დაავადების მძიმე მიმდინარეობა და პაციენტი იმყოფება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, ორსულობა უკუჩვენებებში არ არის.
სიმსუქნე, ჭარბი წონა და უშვილობა
ჭარბი წონისა და სიმსუქნის შესაფასებლად მოცემულია სხეულის მასის ინდექსის (სმი) განსაზღვრა (წონა კგ/სიმაღლე სმ^2), 20-25 (ფიზიოლოგიური წონა), სმი 25-30 (ჭარბი წონა), სმი 30-35 (სიმსუქნე I ხარისხის), სმი 35-40 (სიმსუქნე II ხარისხის), სმი 40-ის ზევით (სიმსუქნე III ხარისხის) შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით უშვილობის ერთ-ერთი გლობალური მიზეზი ჭარბი წონა და სიმსუქნეა. ჭარბი წონა მამაკაცის უნაყოფობაზეც მოქმედებს, თუმცა ჭარბწონიან ქალებში უშვილობის შემთხვევები უფრო ხშირია.
ჭარბცხიმიანობა და სიმსუქნე ქალებში ასოცირდება მენსტრუალური ციკლის დარღვევასთან და უნაყოფობასთან. არსებობს კავშირი სიმსუქნესა და ჰიპერინსულინემია-ინსულინ რეზისტენტობას შორის. ინსულინი საკვერცხეებში მამაკაცის სასქესო ჰორმონის-ანდროგენის სეკრეციის ერთ-ერთი მძლავრი სტიმულატორია, ასე რომ, რეპროდუქციული ასაკის ქალებში სიმსუქნე მენსტრუალური ციკლის დარღვევისა და ანოვულატორული ციკლის, მაშასადამე უშვილობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიზეზია.
სიმსუქნე, ინსულინრეზისტენტობა და ჰიპერიინსულინემია საკვერცხეების პოლიკისტოზის განვითარების მთავარი ფაქტორია. ამ დაავადების მქონე ქალთა თითქმის 50%-ს აღენიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევები და მათში უნაყოფობის ალბათობა საკმაოდ მაღალია. თუმცა ინსულინრეზისტენტობა შეიძლება შეგვხვდეს როგორც ჭარბწონიან, ასევე ნორმალური წონის მქონე ქალებშიც. ინსულინის დონისა და ინსულინრეზისტენტობის შემცირება, დაბალკალორიული დიეტა (საკვები რაციონიდან ადვილად შესათვისებელი ნახშირწყლების გამორიცხვა), ცხოვრების წესის მოდიფიცირება ფიზიკური აქტივობის გაზრდა და ამის ხარჯზე წონაში დაკლება, აუმჯობესებს ოვულაციას და ზრდის დაორსულების ალბათობას.
საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს, რომელიც უმეტესწილად დაკავშირებულია სიმსუქნესთან და უშვილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, აუცილებელია გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის ტესტის ჩატარება, ვინაიდან ამ სინდრომის მქონე პაციენტთა 10-15%-ს აღნიშნება პრედიაბეტი, ხოლო პრედიაბეტით დაავადებულ პაციენტთა 60%-ს უვითარდება შაქრიანი დიაბეტი ტიპი #2.
პირდაპირი და უშუალო კავშირია დედის სიმსუქნესა და ნაყოფის პათოლოგიურ განვითარებას შორის. სიმსუქნით დაავადებულ ქალებს უფრო ხშირად უჩნდებათ თანდაყოლილი დეფექტების მქონე ბავშვები, ვიდრე ქალებს ნორმალური სმი-ით. ასეთი ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სიმსუქნისა და დიაბეტისკენ. 100-დან 45-85 მსუქან ქალს ურთულდება მშობიარობა და ორსულობა, მაღალია პრეეკლამფსიისა და ეკლამფსიის ალბათობა, ხშირია სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა, სამშობიარო მოქმედების სისუსტე, თრომბოემბოლიური გართულებები. ამიტომ, სასურველია ორსულობის დაგეგმვამდე წონაში დაკლება.
დამატებით რომელი ფაქტორებია მნიშვნელოვანი ორსულობის დროს?
ორსულობა ქალისთვის ფიზიოლოგიური, მაგრამ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობაა. მისი სწორად წარმართვისთვის სხვა ფაქტორებთან ერთად, ერთ-ერთი, შეიძლება ითქვას, უმთავრესი, ორსულის ჯანსაღი კვებითი ქცევები და ზომიერი ფიზიკური აქტივობაა. სწორი კვება და წონის კონტროლი, ორსულობის ბოლომდე მიტანის, ნაყოფის სწორად განვითარებისა და დედის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გარანტია.
ჭარბი წონისა და სიმსუქნის განვითარებას, რასაკვირველია, არაჯანსაღი კვებითი ქცევები, არაბალანსირებული და არასწორად შერჩეული საკვები იწვევს. ორსულობის დროს წონის ოპტიმალური ნამატი 12-15კგ-ია, აქედან ორსული გაცილებით ნაკლებს იმატებს I ტრიმესტრში, ვიდრე II და III ტრიმესტრებში. თუ ორსულობამდე ქალის სმი ნორმაზე ნაკლები იყო, სასურველია, ორსულობის დროს მეტი მოიმატოს და პირიქით, თუ ორსულობის დადგომამდე ქალს აღენიშნებოდა ჭარბი წონა და სიმსუქნე, აუცილებელია, მან ორსულობის დაგეგმვამდე მოიწესრიგოს წონა და მთელი ორსულობის განმავლობაში მკაცრად აკონტროლოს კალორიები, მაგრამ არ იშიმშილოს, ვინაიდან შიმშილის დროს გაცილებით ძლიერადაა გამოხატული ტოქსიკოზის ერთ-ერთი გართულება-გულძმარვა.
კვების რაციონის შედგენისას ორსულმა უნდა გაითვალისწინოს არა მარტო მისი გასტრონომიული სურვილები, არამედ იფიქროს რამდენად სრულფასოვანია საკვები, რომელიც ნაყოფის ნორმალურ ჩამოყალიბებასა და მის ზრდა-განვითარებას განაპირობებს. არაბალანსირებული კვების შედეგია ანემია, რომელსაც იწვევს რკინისა და B12 ვიტამინის დეფიციტი. თუ ანემია არ აღმოიფხვრა, ეს საფრთხეს შეუქმნის როგორც დედის ჯანმრთელობას, ასევე გამოიწვევს ნაყოფის ჰიპოქსიას, წონის ნაკლებობასა და უამრავ სხვა არასასურველ შედეგს. რკინის ყველაზე მნიშნველოვანი დეპოა ხბოს ხორცი, ამიტომ ორსულის კვების რაციონის მნიშვნელოვან ნაწილს ცილოვანი პროდუქტებიდან უნდა შეადგენდეს ხბოსა და ქათმის ხორცი, ზედმეტად ცხიმიანი ხორცის მირთმევისგან ორსულმა თავი უნდა შეიკავოს, თუმცა ცხიმის სრულად გამორიცხვა კვების რაციონიდან არ შეიძლება, ვინაიდან ის ორსულისთვის ენერგიის დეპოა და ხელს უწყობს ნაყოფის ტვინის ნორმალურ განვითარებას. ცილოვანი საკვები უნდა მოიცავდეს რძის ნაწარმს: ყველს, მაწონს, ნაკლებად ცხიმიან ხაჭოს, იოგურტს, რომლებიც ასევე Ca-ისა და P-ის წყაროა.
კვების რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ძალიან ბევრ ვიტამინსა და მიკროელემენტს შეიცავენ: ვიტამინი A, C, ფოლიუმის მჟავა, რკინა, მაგნიუმი, თუთია. ბოსტნეული გარდა ვიტამინებისა, დედის ორგანიზმს ამარაგებს უჯრედისით, ბოჭკოებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ორსულის საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. შეკრულობა ორსულთა ერთ-ერთი პრობლემაა. ყაბზობა იწვევს როგორც ორგანიზმის ინტოქსიკაციას, ბუასილს, ასევე მან შეიძლება, განაპირობოს ნაადრევი მშობიარობაც კი. ორსულებმა ხშირ-ხშირად, მცირე ულუფებით უნდა მიიღონ საკვები პროდუქტები, წვნიანი კერძები, ახლადგამოწურული ხილის წვენები, შავი ქლიავის, გარგარის, ლეღვის ჩირი. ნახშირწყლების ძირითადი წყაროა პური და ბურღულეული. ეს პროდუქტები შეიცავენ ფოლიუმის მჟავასა და რკინას, ორსულებმა ამ პროდქტებზე უარი არ უნდა თქვან, მიუხედავად სიმსუქნისა, უბრალოდ მათი რაოდენობა ზუსტად უნდა განისაზღვროს.
ორსულთა კვების რაციონში მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ადვილადშესათვისებელი ნახშირწყლები (ტკბილეული), უნდა გამოირიცხოს შებოლილი პროდუქტები. სწორად შერჩეულ და ბალანსირებულ კვებასთან ერთად, ყურადღება უნდა მიექცეს საკვების ხარისხს.
დაბოლოს, ნაყოფის ნორმალური ზრდა-განვითარების, ორსულობისა და მშობიარობის სწორად წარმართვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვებითი ქცევები, ჯერადი და ბალანსირებული კვება.
რა არის მთავარი თქვენს პროფესიაში?
მთავარია პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, არჩეული საქმის დიდი სიყვარული, გულისხიერება, პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა.