ინ-ვიტრო განაყოფიერებასა და ძუძუს ან რეპროდუქციული სისტემის კიბოს შორის კავშირი არ არსებობს

აშშ კიბოს ეროვნული ინსტიტუტის ჰორმონალური და რეპროდუქციული ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექ. ლუის ბრინტონი ვერ ხედავს სამეცნიერო კავშირს ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობასა და ქალის რეპროდუქციული სისტემის ან ძუძუს კიბოს შორის. წარსულში, ოვულაციის სტიმულაციისთვის გამოყენებული მედიკამენტები და ასევე საკვერცხეების პუნქცია ოოციტების მისაღებად ითვლებოდა რეპროდუქციული პრობლემების მქონე ქალებში კიბოს განვითარების ზრდის პოტენციურ ფაქტორებად. ექ. ბრინტონმა და მისმა კოლეგებმა დეტალურად შეისწავლეს ისრაელში მცხოვრები 67,608 ქალის სამედიცინო არქივი, რომლებიც 1994-2011 წლებში გადიოდნენ მკურნალობას ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდით. გარდა ამისა, 19,795 ქალი ცდილობდა მკურნალობის ჩატარებას, მაგრამ საბოლოოდ ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობა არ ჩატარებულა. სამედიცინო არქივები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი კიბოთი დაავადებულთა ეროვნულ არქივთან და აღმოჩნდა, რომ ჯამში 1509 ქალს ჰქონდა დასმული კიბოს დიაგნოზი 2011 წლის შუა პერიოდისთვის. სამეცნიერო ენაზე რომ ვთქვათ, არ დაფიქსირებულა განსხვავება ძუძუს ან ენდომეტრიოზის კიბოს განვითარების შესაძლებლობაში იმ ქალებს შორის, რომლებსაც უტარდებოდა და არ უტარდებოდა მკურნალობა ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდით. მართალია, არსებობდა საკვერცხის კიბოს ოდნავ მომატებული საფრთხის პოტენციური ნიშნები იმ ქალებში, რომლებმაც ინ-ვიტრო განაყოფიერების რამდენიმე ციკლი გაიარეს, მაგრამ შედეგი შეიძლება ჩაითვალოს შემთხვევითად. საერთო ჯამში, საკვერცხის კიბო დაფიქსირდა მხოლოდ 45 შემთხვევაში, რაც საკმაოდ იშვიათია.

წყარო