ალკოჰოლის ზომიერი რაოდენობით მიღებამ და შავმა ხორცმა შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს მამაკაცის რეპროდუქტიულ უნარზე

ჰონოლულუში (ჰავაი) გამართულ ამერიკის რეპროდუქტიული მედიცინის საზოგადოების 70-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე რამდენიმე პრეზენტაციის საშუალებით წარმოდგენილი იქნა მტკიცებულება იმისა, თუ რა გავლენას ახდენს კვებასთან დაკავშირებული გარკვეული ჩვევები მამაკაცის რეპროდუქტიულ უნარზე. როჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის (როჩესტერი, ნიუ-იორკი) ჯგუფის მიერ შესწავლილ იქნა 753 კაცი, რომლებიც 2003-2011 წლებში გადიოდნენ ფერტილობასთან დაკავშირებულ მკურნალობას. კვლევასთან დაკავშირებულ ფაქტორებს შორის იყო ალკოჰოლის მიღებისა და მოწევის ჩვევები, ასევე სექსუალური ჯანმრთელობა და კმაყოფილება. მამაკაცების საშუალო ასაკი 35 წელს შეადგენდა. კვლევაში მონაწილეთა დაახლოებით ¾ (73%) ალკოჰოლის, ხოლო 16% – თამბაქოს მომხმარებელი იყო. შედეგებმა აჩვენა, რომ ალკოჰოლის მოყვარული მამაკაცების განცხადებით, მათი სქესობრივი ფუნქცია უკეთესი იყო, ხოლო მამაკაცებში, რომლებიც ალკოჰოლს არ სვამდნენ, უფრო მაღალი იყო ერექციასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სრულყოფილი სქესობრივი აქტის ჩატარების პრობლემების ალბათობა. ასევე, მწეველთა 8.4 % აღენიშნებოდა ერექტილური დისფუნქცია (ზომიერიდან ძლიერ ფორმამდე) და სექსისგან დაუკმაყოფილებლობის უფრო მაღალი ალბათობა არამწეველებთან შედარებით.
ლომა ლინდას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის (კალიფორნია) მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ვეგეტარიანელ მამაკაცებს სპერმატოზოიდების უფრო დაბალი კონცენტრაცია და მოძრაობის სიჩქარე აღენიშნებათ, ვიდრე ხორცის მოყვარულ მამაკაცებს. კვლევის ფარგლებში შედარებულ იქნა 26 ვეგეტარიანელის, 5 მკაცრი ვეგეტარიანელისა და 443 არა-ვეგეტარიანელის 2009-2013 წლებში ჩატარებული სპერმოგრამის შედეგები. ვეგეტარიანელებში სპერმატოზოიდების საშუალო კონცენტრაცია შეადგენდა 51 მლნ/მლ, ხოლო ხორცის მოყვარულებში – 70 მლნ/მლ, ასევე უფრო დაბალი იყო სპერმატოზოიდების მოძრაობის საშუალო სიჩქარე: 33% და 58%. მკაცრ ვეგეტარიანელებსა და ვეგეტარიანელებს შორის შედეგებში განსხვავება მინიმალური იყო. თუმცა, უფრო დაბალი მაჩვენებლები არ იყო კლასიფიცირებული უშვილობის მაჩვენებლების დიაპაზონში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებს არ სცილდებოდა.